2012-01-25 22:50:35 სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრა2012 წლის 25 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე შეხვდა აჭარაში არსებული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ ფუტკარაძემ წარადგინა აჭარაში სპორტის სფეროში ბოლო 5 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში და ასევე, სამომავლო პროექტების პრეზენტაცია.
აჭარის მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება ,,სპორტული მოედნებისა და ბაზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება: რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქობულეთის ფეხბურთის ცენტრალურ სტადიონსა და თამარის დასახლებაში მდებარე ჩოგბურთის სპორტულ ბაზას. გარემონტდება ქობულეთში: ოჩხამურის, ლეღვის, ბობოყვათის, ჩაქვის ფეხბურთის, ასევე, ჩაქვისა და ხუცუბნის რაგბის სტადიონები. იგეგმება ხულოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო ხელვაჩაურსა და შუახევში – სპორტული დარბაზების მშენებლობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, დასასრულს სპორტის სხვადასხვა სახეობების მიხედვით აჭარის ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელებს გადაეცათ სპორტული ფორმები.  |